პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის – „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ პრეზენტაცია

წიგნი არის ავტორის მონოგრაფიათა სერიის გაგრძელება, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.

ირაკლი კოვზანაძის თანახმად, მონოგრაფიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ეკონომიკური სკოლების მკვლევართა გამოკვლევები, კრიზისების დაძლევის ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება და გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები.

„წიგნში მოცემულია ამ კრიზისების მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ფაქტორები,“ აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

პრაქტიკული მასალების საფუძველზე წარმოდგენილია ავტორის შეხედულებები კრიზისების დაძლევის და ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზების შესახებ.

ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის განვითარებას და მის პრობლემებს. ნაშრომში კვლევის ცალკე მიმართულებაა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასება. მონოგრაფიაში მოცემულია კონკრეტული მაგალითები ცალკეული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღებული შედეგების თაობაზე და ასევე გაკეთებულია მათი შეფასებასაც.

ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.

დღეისათვის პროფესორ ირაკლი კოვზანაძეს გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, ერთი სახელმძღვანელო და 50-მდე სტატია ეკონომიკასა და მათემატიკაში, რომლებიც ძირითადად ეხება გლობალიზაციის პირობებში სისტემურ საბანკო კრიზისებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში:

  • „საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2001;
  • «Системные банковские кризисы в условиях финансовой глобализации», изд., ТГУ, Тбилиси, 2003;
  • «Тенденции и перспективы развития экономики и банковского сектора трансформационных стран», изд., «Финансы и Статистика», Москва, 2005;
  • “Economic and Banking System Development Trends and Prospects for Countries in Transition”, iUniverse Inc., New York, Bloomington, 2008;
  • “Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention”, iUniverrse Inc. New York, Bloomington, 2011;
  • „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2014;
  • «Уроки мирового экономического кризиса и формирование новой модели развития», изд., ТГУ, Тбилиси, 2016.
facebooktwittergoogle_plusredditpinterestlinkedinmail